გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - დემოკრიტეს ფილოსოფია


დემოკრიტეს ფილოსოფია

დემოკრიტეს ფილოსოფიის შეფასება მრავალმა მოაზროვნემ სცადა. მოყოლებული შუაანტიკური პერიოდიდან, თანამედროვე საზოგადოებებშიც აქტუალურია დემოკრიტეს, როგორც მატერიალიზმის ფუძემდებლისა და ატომისტიკის, როგორც მტკიცე, ფუნდამენტალური სისტემის შესახებ მსჯელობა.
ატომისტიკის ფუნდამენტი, დემოკრიტეს აზრით, გახლავთ სიცარიელე და ატომები, რომლებიც ყოველთვის არსებობდნენ და არსებობენ, მათი შეკავშირებით წარმოიქმნება ხილული ბუნება, მცენაარეები, ცხოველები, ადამიანები, ბუნება და, საზოგადოდ, - სამყარო, ხოლო ატომების ერთმანეთისაგან განზიდვა ხილულ სამყაროს ისევ უკუაგდებს და საწყის პოზიციას დაუბრუნებს, ვიდრე ატომების შეკავშირებამდე. ატომები გრიგალისებურად მოძრაობენ და წარმოშობენ ყოველგვარ ნაერთს: წყალს, ცეცხს, ჰაერს, მიწას და განაპირობებენ მათ ურთიერთდამოკიდებულებასა და ჰარმონიულ თანაარსებობას. ატომები სიმკვრივის გამო უცვლელნი არიან. სულის ატომები განსხვავდება სხეულისა და სხვა დანარჩენი საგნების ატომებისაგან, სულის ატომები უფრო მრგვალნი და ესთეტიურნი არიან. დემოკრიტეს მიხედვით, სული და გონი ერთი და იგივეა.
დემოკრიტესათვის არსებობს აუცილებლობა, როგორც მიზეზის მაკავშირებელი მიზანთან.
ატომების წარმომავლობაზე ზუსტ და ლოგიკურ განსაზღვრებებს ჩვენ ვერ ვხვდებით, თუმცა ეს სულაც არ არის გასაკვირი, რამეთუ მხოლოდ ფრაგმენტულად გვაქვს შემორჩენილი ცნობები დემოკრიტეს ცხოვრებისეული თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ, ვიცნობთ ფრაგმენტებს მისი ტექსტებიდან, მისმა ნაწარმოებებმა ჩვენამდე არ მოაღწია.
მკვლევარების აზრიც იყოფა, ერთნი ფიქრობენ, რომ ,,დიდი დიაკოსმოსი“, როგორც დემოკრიტეს უნიკალურ ნაშრომს ერქვა, დაწერილია არა დემოკრიტეს მიერ, არამედ ლევკიპეს შემოქმედებაა. ლევკიპე დემოკრიტეს მასწავლებლად იწოდება. ერთი ინფორმაციის თანახმად, დემოკრიტე სარგებლობდა ლევკიპეს ფსევდონიმით და, სინამდვილეში, ლევკიპე იგივე დემოკრიტეა.
დემოკრიტეს შემოქმედებაში ისტორიას შემორჩა ცნობები ორი ნაშრმის შესახებ: ,,დიდი დიაკოსმოსი“ და ,,მცირე დიაკოსმოსი“. პირველად დემოკრიტეს უნდა დაეწერა ,,დიდი დიაკოსმოსი“, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი მან ერთგვარი განმარტება შესთავაზა საზოგადოებას, როგორც ჩანს (,,მცირე დიაკოსმოსის სახით“).
არისტოტელეს მტკიცებით, ფიზიკოსთაგან დემოკრიტე გაკვრით შეეხო შეგრძნებების საკითხს და განსაზღვრა, რა არის ცივი და თბილი. რამდენიმე ადგილზე ახსენებს სისტემური მატერიალიზმის მამამთავარი მის წინამორბედ თეორეტიკოსს და მის კონცეფციებსაც მიმოიხილავს.
სიმპლიციუსი იხსენებს არისტოტელეს ჩანაწერებს დემოკრიტეს შესახებ: დემოკრიტე ფიქრობს, რომ მცირე მოცულობისა და განუსაზღვრელი არსნი მარადიულნი არიან. ასეთად მიიჩნევს ატომებს, რომლებისგანაც გამომდინერეობს შედეგობრივი კაკონზომიერება. ამასთანავე, დემოკრიტესათვის არსებობს რაღაც უფრო მასშტაბური, საყოველთაო და მამოძრავებელი, რაც სჭირდება ამ მუდმივმოქმედ განუყოფელ სიდიდეებს. დემოკრიტე მას რამდენიმე სახელს არქმევს: ,,სიცარიელეს“, ,,განუსაზღვრელს“, ,,არარას“. მათი არსი იმდენად შეუცნობელია, რომ უსხლტებიან ყოველგვარ შეგრძნებებსა და ყოფიერ გამოხატულებებს. მათ ყოველგვარი სახე, ფორმა და სიდედე აქვთ. ისინი საწყის ელემენტებად მიიჩნევიან, მათგან შეკავშირდება ყოველგვარი მხედველობითი და შეგრძნებათათვის მისაწვდომი ნაერთები. ისინი ერთიმეორეს ებრძვიან და სიცარიელეში მოძრაობენ ერთმანეთის საპირისპიროდ, ეჯახებიან და ჰქმნიან ნაერთს, სადაც გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან.
როგორც დავრწმუნდით, დემოკრიტეს ფილოსოფიის განხილვისას არაერთი მოაზროვნე აღნიშნავს, რომ ატომისტიკის ფუნდამენტი სიცარიელისა და მუდმივმოქმედი ატომების ურთიერთშეთანხმებულობის შედეგია, ისინი ერთმანეთის საპირისპიროდაც მოძრაობენ და ერთმანეთის მიმართულებითაც. დემოკრიტეს ჩანაფიქრი, შეექმნა საყოველთაო სისტემა, რომელიც გამოააშკარავებდა ბუნების შინაგან ენერგიასა და ახსნიდა მის ცვალებადობას, - განხორციელდა. ჰერაკლიტე ეფესელისა და თალეს მილეთელის კვალდაკვალ, დემოკრიტემ იმდროინდელ საზოგადოებაში დანერგა ატომისტიკა, როგორც გარდამავალ ენერგიათა შეკავშირებულ-ცვალებადი სახე. თუ ჰერაკლიტე ამბობდა, რომ დღე და ღამე ერთია, დემოკრიტემაც იგივე თქვა, თუმცა იმ განსხავევბით, რომ დაასაბუთა. ხილული სამყარო ერთდაგვარი ატომებისაგან შედგება, რომლებიც უწესრიგოდ მიემართებიან ერთმანეთს, მათი შეკავშირებითა და განცალკევებით. დღისა და ღამის ატომები, ამ შემთხვევაში, მსგავსია და არც ერთ სხვა ახსნას არ ექვემდებარება.
დემოკრიტეს მიერ შექმნილი ატომისტიკა, თავის არსში, მრავალფეროვანია. მართალია, სიცარიელეა ის აუცილებელი პირობა, რაც ატომების მუდმივმოქმედებას, ქმნადობასა და დაშლას განაპირობებს, მაგრამ მისი შინაგანი სახეები ქაოტურად მრავალფეროვანია. ატომები არიან უცვლელნი, მკვრივნი, მაგრამ, ამავდროულად, რელატიურნი. საკამათოა ის საკითხი, რა რაოდენობის ატომებზეა საუბარი. ნუთუ ყველა ნაერთს, ბუნებრივ საგანსა თუ არამატერიალურ აზრსაც კი საკუთარი ატომები გააჩნია?! დემოკრიტეს ფილოსოფია ამ კითხვებზე ცალსახა პასუხებს არ იძლევა.
როგორც თეოფრასტე ამბობს, დემოკრიტე ვერ ადგენს, რა წარმოშობს შეგრძნებას, დაპირისპირებული თუ მსგავსი. თუ შეგრძნებას ცვალებადობა იწვევს, მაშინ განსხვავებულისაგან წარმოშობა უნდა დაეშვა, რადგან მსგავსი მსგავსს არ ცვლის. თუ შეგრძნებებსა და ცვალებადობას ზემოქმედება იწვევს, შეუძლებელია, არაიგივეობრივნი ერთიმეორეზე ზემოქმედებდნენ. ხოლო თუ განსხვავებულნი ზემოქმედებენ ერთმანეთზე, არა იმიტომ, რომ სრულად განსხვავებულნი არიან, არამედ იმიტომ, რომ რაღაც მსგავსი მაინც გააჩნიათ. დემოკრიტე მსჯელობს ცალკე მსგავსზე და ცალკე განსხვავებულზე, შემდეგ ამისა, მსჯელობს ორივე მათგანზე და ერთმანეთს ადარებს.
ატომისტიკის სისტემა წილნაყარია ელეატურ მეტაფიზიკასთან, რადგანაც დემოკრიტემდელი ფილოსოფიური სკოლების გავლენიანი მესვეურნი თავიანთ მოძღვრებას საზოგადოებაში აქტიურად ნერგავდნენ და მათი მასობრიობისთვის გეგმაზომიერად მოქმედებდნენ, თუმცა ამ წინააღმდეგობათა ტყვეობაში, დემოკრიტემ საკუთარი ფილოსოფიური სისტემის გამოყოფა და დამკვიდრება შეძლო. ფილოსოფიის ისტორიაში, მატერიალიზმი, როგორც ფილოსოფიურ-იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი სისტემა ,,დემოკრიტეს ხაზად“ არის წოდებული. მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელესთან მატერიალიზმმა სისტემური სახე შეიძინა, დაიხვეწა, კატეგორიებითა და მთელი რიგი პრაქტიკული დებულებებით აღივსო, დემოკრიტეს მატერიალიზმი მაინც საყოველთაო მნიშვნელობის მატარებელია.
დემოკრიტეს ატომისტიკის საზრისულმა მოტივებმა გამოხატულება ჰპოვა მომდევნო ეპოქების არაერთ მოაზროვნესთან, მათ შორის საგულისხმოა პლოტინი. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მატერია ფორმის ლანდისა თუ აჩრდილის მპყრობელი ხდება, როგორც კი აჩრდილი განსხეულდება მასში, ის ცვლის და ბღალავს ფორმას, რომელშიაც თავის საკუთარ, ფორმის ბუნების საპირისპირო ბუნებას დებს; საპირისპიროს არა იმ აზრით, რომ, ვთქვათ, სიცხეში აქსოვს სიცივეს; არა, სიცხის, ისევე, როგორც ყველა სხვა რამის ფორმაში მას თავისი უფორმობა და უსახობა შეაქვს, ხოლო ყოველივე იმაში, რაც ზომის მქონეა, - თავის მეტისმეტობა თუ ნაკლებობა. ასე გრძელდება ფორმის მატერიაში შთანთქმამდე.
უნდა მივიჩნიოთ, რომ პლოტინი ,,მატერიაში“ გულისხმობს იმ მუდმივმოქმედ, დემოკრიტესეულ ატომებს, რომლებიც ყოველგვარ ფორმასა და ზომას, ფერსა და საგანთა ყოფით მნიშვნელობებს ითავისებს, სიცარიელეში მიმართული ეს ქმნადი ენერგიები იმდენადვეა შექმნილი ხილვადობის საწინააღმდეგო, რამდენადაც მისი მსგავსი და ტოლი, თუმცა, საბოლოოდ, ფორმას (ყოფით მნიშვნელობას) უკარგავენ საგნებს და თავიანთ თავს უბრუნდებიან, როგორც ცვალებადობის წრებრუნვა. შინაარსი არ იცვლება, იცვლება მხოლოდ გარეგანი გამოხატვა, ისინი სივრცეს იკავენებენ და დროსაც ჰქმნიან. საბოლოოდ, სიცარიელეში მოძრავ ატომთა ერთმანეთისადმი მიზიდვა ჰქმნის ხილულ სამყაროს და მთელ რიგ საგანთა წყებას, ფორმას, ზომას, ფერსა და დანიშნულებას, ხოლო ატომთა ერთმანეთისაგან განზიდვა უარყოფს და ანეიტრალებს ზემოთ ჩამოთვლილთ, ატომები კვლავინდებურად მკვრივნი და მოძრავნი რჩებიან სიცარიელეში.
კარლ პოპერი სასტიკად აკრიტიკებს ისტორიციზმს და მის ერთ-ერთ ნაირსახეობას - ჰოლიზმს, სადაც აღნიშნავს, რომ ისტორიცისტთა უმრავლესობა, რომლებიც ატომისტურად არ მიიჩნევენ სოციოლოგიასა და ბიოლოგიურ მეცნიერებებს, უფსკრულის პირას არიან, სრულ აბსურდსა და ლოგიკურ დისონანსში იმყოფებიან. პოპერის თქმით, სოციალური ჯგუფები უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ მისი წევრების ჯამი და ის ასევე მეტია, ვიდრე მის ნებისმიერ წევრებს შორის დროის ნებისმიერ მომენტში არსებული პიროვნული ურთიერთობების უბრალო ჯამი.
აღნიშნული განმარტებით, პოპერი დემოკრიტეს ატომისტიკის შინაარსს შემდეგნაირად იაზრებს: ატომები, რომლებიც სიცარიელეში ერთმანეთს მიემართებიან და ხილულ სინამდვილეს ჰქმნიან, ცალკეულად არიან მნიშვნელოვანნი და არა შედეგობრივად - ხილული სინამდვილის (მთელის) შექმნის თვალსაზრისით. მთელი არ აღემატება ნაწილაკს, არამედ ნაწილაკებიდან ივსება და დგინდება მთელი, როგორც გარდამავალი ცნება.
საკამათოა ის საკითხი, სიცარიელე უნდა მივიჩნიოთ განუყოფელში თუ პირიქით, განუყოფელი (ატომი) სიცარიელეში. დემოკრიტეს ფილოსოფიის მკვლევართა სრული უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სიცარიელე მოცემული სივრცე უნდა იყოს, სადაც თავისულფების პრივილეგია მიანიჭა განუყოფელ არსებს თრაკიელმა ფილოსოფოსმა.
ჩვენი შენიშვნით, საქმე არც ასე მარტივად უნდა იყოს. თუ დავუშვებთ, რომ დემოკრიტეს მიზანი ატომთა დაუნაწევრებელი არსის წარმოდგენა იყო, სადაც კატალიზატორად ერთმანეთის შინაგანი ენერგია მოქმედებდა, მაშასადამე, სიცარიელეს, როგორც სივრცობრივ საგანს, იმთავითვე უნდა გააჩნდეს შინაარსი, ერთგვარი სუბსტანცია, რაც გვიჩვენებდა მის სივრცობრივ განფენილობას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ ატომებს ემოძრავათ. ამით იმის თქმა მსურს, რომ თუ სიცარიელეშია განუყოფელი და მასში მოქმედებს, მოედინება მისი ზრდა-კლების ამპლიტუდა, მაშინ სიცარიელის, როგორც ყოფითი ფორმის მაგალითის ატომებს რაღა ვუყოთ?! სიცარიელე რომ ფიგურირებულიყო, დემოკრიტეს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მასაც ატომური ნაწილაკები უნდა გააჩნდეს. ამდენად, იმის ჰიპოთეტური მტკიცება, რომ სიცარიელე იმთავითვე არსებობს განუყოფელის თანადროულად, აზრს მოკლებულია.
სავარაუდოა, რომ დემოკრიტე სიცარიელეს წარმოიდგენს ატომთა შიგთავსში, როგორც განუყოფელ არსთა სისავზე-სიცარიელის განსასაღვრად. გარე არსებული რეალობა ატომებამდე არ არსებობს, როგორც დამოუკიდებელი არსი. თავად ატომები ჰქმნიან სივრცეს და უწესრიგოდ მიემართებიან ერთმანეთს. ასე ვთქვათ, სიცარიელე შინაგანად ახასიათებს განუყოფელს და არა გარეგანი მოდინებით. თუ ვივარაუდებთ, რომ ატომები მკვრივები არიან, მაშინ მათი შინაგანი სიცარიელის დაჯერება სავსებით დასაშვებია.
დემოკრიტეს მიხედვით, ატომი არ არის ფიზიკური მასა, რაც გარე სინამდვილის მიბაძვით უნდა აღვიქვათ, არამედ ის არის პირველწყარო, ატომთა სიმრავლე და შეერთება გვიჩვენებს ხელშესახებ, ან თვალითა და შეგრძნებებით აღქმად საგნებს და, საზოგადოდ, ბუნებას. განუყოფელი, ამ აზრით, არამატერიალურია. სიცარიელე, როგორც უწოდებენ იმ სამყოფელს, სადაც ატომების მოძრაობაა დასაშვები, შეუძლებელია, რომ არამატერიალური იყოს, რამეთუ სიცარიელე მატერიალური ერთეულია. სიცარიელე რაიმეს მიმართ არის ცარიელი ან სავსე და არა დამოუკიდებლად, თავისთავად ცარიელი ან სავსე. ჩვენ რომ ვამბობთ ,,სიცარიელე“, იმთავითვე ვგულისხმობთ შესაძლო სისავსეს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დემოკრიტეს არ უნდა ეგულისხმა სიცარიელის ხილვადობრივი, ფიზიკური სახე.
ატომებს არ გააჩნიათ მასა, ფერი და სიმეტრიული სიდიდე, თუმცა ისინი მკვრივები არიან. სავარაუდოა, რომ დემოკრიტე ამ განსაზვრებებით გულისხმობდა ატომთა (განუყოფელ არსთა) შინაგან სიცარიელეს, რომელიც განუყოფელს ანიჭებს სიმკვრივეს.
ჩვენის აზრით, დემოკრიტეს ფილოსოფიაში სიცარიელის, როგორც ცალკე განსაზღვრული სივრცის დაშვება, სადაც ატომები მოძრაობენ, არალოგიკურია. გარე სიცარიელესაც ატომთა მოძრაობა, მათი შეერთება და განრიდება აწარმოებს. თუ დავუშვებთ, რომ ამდაგვარ სიცარიელეში მოძრაობენ ატომები, მაშინ ატომს უნდა მივანიჭოთ მატერიალური განსაზღვრება და სიცარიელეც ამ პარადიგმაში ექცევა. აგრეთვე, დაგვჭირდება ატომთა დიფერენციაცია, რამეთუ სიცარიელის შემქმნელი განუყოფელი არსის/არსების დაშვება მოგვიწევს, რომელთა გამოკვლევაც აუცილებლობას წარმოადგენს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დემოკრიტესეული სიცარიელე არ არის გარეგანი სიცარიელე, არამედ ის შინაგანია, ატომისეულია და სწორედ აქედან გამომდინარე არიან ატომები მკვრივნი და არამატერიალურიდან მატერიალურ ერთეულში გარდამავალნი.
აღნიშნული მიდგომები გვხვდება დემოკრიტემდელ ფილოსოფიაში, როგორც პითაგორელებთან, ისე იონელებთან და ელეელებთან.
ძველი დროის უდიდესი ფიზიკოსია დემოკრიტე, მისი ფილოსოფია წილნაყარია იონელთა ფილოსოფიასთან. როგორც მოგვეხსენება, იონელებმა ბუნების ახსნისა და განმარტების ცდა არაერთგზის განახორცილეს, თუმცა დემოკრიტესთან სრულყოფილი სახე მიიღო ბუნებასთან სიახლოვემ. შესამჩნნევია დემოკრიტეს იდეების მსგავსება ელეელთა მოძღვრებასთან, ატომის დახასიათებას თუ დავუკვირდებით, ბევრ რაიმეში ჰგავს პარმენიდეს არსის დახასიათებასა და ახსნას. ატომისტები ხშირად აღნიშნავენ ატომს ელეელთა ტერმინით ,,არსი“, ხოლო სიცარიელეს - ,,არარსით“. საბოლოო ჯამში, ელეატიზმი სიმრავლეს უარყოფს, ხოლო ატომიზმი სიმრავლეს განადიდებს. ამ გაგებით, ატომისტიკამ გაუსწრო ელეელთა სწავლებას და სხვა მასშტაბები შეიძინა. თუმცა ისიც ნიშანდობლივია, რომ ელეატიზმში ცალსახად არ გვხვდება სიმრავლის უარყოფა და მხოლოდ ერთის, როგორც არსის დომინაცია, არამედ მთელი რიგი ლოგიკური ბმაა ერთსა და მრავალს შორის, პარმენიდეს პარადოქსალური იდეებიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რაც ცალსახად არ აიხსნება რომელიმეს უარყოფით.
ინგლისელი ფილოსოფოსის - რალფ კადუორთის მიერ მეჩვიდმეტე საუკუნეში დამკვიდრებულმა ტერმინმა ,,ჰილოძოიზმი“ ასახა ძველბერძენ ნატურფილოსოფოსთა მოღვაწეობა და შეხედულებები, დღევანდელი ფილოსოფიური ენა უკვე იცნობს ჰილოძოიზმს, როგორც ძველბერძნული ფილოსოფიის პიონერ მოძღვრებას, სადაც ჩაისახა არაერთი მნიშვნელოვანი იდეა, რაც მომდევნო საუკუნეებში დებულებებად და უდიდეს სისტემებად გარდაიქმნა. სიტყვა ,,ჰილოძოიზმი“ ბერძნული სიტყვების შეკავშირების შედეგად წარმოდგინდება, რაც ნივთიერებისა და სიცოცხლის ერთიანობას გულისხმობს.
ჰილოძოიზმის პირველ წარმომადგენლებად მიჩნეულნი არიან თალესი, ჰერაკლიტე, ანაქსიმანდე, ანაქსიმენე, ემპედოკლე... სტოელთა სკოლის წარმომადგენლები, პითაგორეიზმის წარმომადგენლები, იონელები, ელეელები. დროთა სვლით ვითარდება მატერიალისტურ ფილოსოფიაში  ჰილოძოიზმის იდეა.
ემპედოკლეს მოძღვრებით მომზადდა ატომისტიკა, თუ ემპედოკლე უშვებდა ოთხი ელემენტის არსებობას, ატომისტიკამ ელემენტთა წყება უსასრულო გახადა. ამით განავითარა ემპედოკლეს შეხედულებები. გამოჩნდა, რომ ემპედოკლეს მიერ შემოტანილი ოთხი ელემენტის აღიარება სრულიად შემთხვევითი იყო. ემპედოკლემ ვერ გაიგო მოძრაობის ბუნება, ხოლო ატომისტიკამ ის უფრო დახვეწილად შემოგვთავაზა. ანაქსაგორას უსასრულო გაყოფადობის იდეა უარყოფილ იქნა დემოკრიტეს მიერ.
დემოკრიტემდე არსებულ მეცნერებათა მონაპოვარია ატომისტიკა და დემოკრიტეს იდეები, ეს უსათუოდ მტკიცდება მთელი რიგი დებულებებით, რასაც ატომისტიკის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ. პითაგორეიზმში შესამჩნევია მსგავსება ატომისტიკასთან. პითაგორელები მონადებს აიგივებდნენ უმცირეს ნაწილაკებთან, ეს ნაწილაკები კი ლევკიპეს მიერ ატომად გარდაიქმნა, დემოკრიტეს მიერ კი სრულყოფილი სახე მიიღო. პითაგორელები ასახელებდნენ მუდმივმოქმედ ფორმებს, რომლებიც საყოველთაო ქვეყნიერების ფორმები უნდა ყოფილიყვნენ. შემდგომში, ატომისტიკაში გვხვდება ფორმების გარდაქმნა ატომებად. ატომებს სხვაგვარად ფორმებსაც კი უწოდებდნენ დემოკრიტეს ეპოქაში. პითაგორეიზმისაგან თანაბრად არიან დავალებულნი დემოკრიტიზმი და პლატონიზმი, რამდენადაც პითაგორელთა მიერ წარმოდგენილი ფორმები პლატონმა ,,იდეათა სამყაროდ“ აქცია, ხოლო დემოკრიტემ - ატომად.
ომის ფილოსოფოსად წოდებული ჰერაკლიტე ეფესელი, რომელიც არხედ მიიჩნევს ცეცხლს, თავის აზროვნებას მუდმივმოქმედ ენერგიას უთავსებს და ცვალებადობის გარდაუვალობას აღიარებს. სწორედ იმ პერიოდში უნდა გარდაცვლილიყო ჰერაკლიტე, როცა დემოკრიტე დაიბადა. სავარაუდოა, რომ დემოკრიტეს მასწავლებელსა და შთამაგონებელს - ლევკიპეს დიდძალი ინფორმაცია უნდა ჰქონოდა ჰერაკლიტესა და მისი ფილოსფიის შესახებ, შესაძლოა, იცნობდნენ კიდეც ერთმანეთს. მოგვეხსენება, ძველი ბერძნული ტრადიციისა და კულტურის შესახებ... განათლებული საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც სააზროვნო სივრცეს ჰქმნიდნენ, რომელთაც იდეოლოგიური მოძღვრებები გააჩნდათ, აფუძნებდნენ საგანმანათლებლო ცენტრებს, რომლებიც შემდგომში სკოლების სახელით შევიდა ფილოსოფიის ისტორიაში. ძვ. წ. მეშვიდე საუკუნის 30-ნი წლებიდან უნდა ვიგულისხმოთ, რომ უკვე არსებობდა იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი გაერთიანებები საბერძნეთში, ერთგვარი ცენტრები, სადაც პირველ ფილოსოფოსებად წოდებული მოაზროვნენი საკუთარ იდეებს ანვითარებდნენ. მითოსურ კულტურას გამოხსნილი ფილოსოფია ლოგოსის წიაღში განავითარეს. უახლეს ტექსტებს, რომლებსაც საკუთარ ქალაქსა თუ მცირე პროვინციებში მაცხოვრებელი მოაზროვნენი ჰქმნიდნენ, ერთმანეთს უზიარებდნენ, მოგზაურობდნენ ერთი ქალაქიდან მეორეში, საჯარო თავშეყრის ადგილებში იკრიბებოდნენ და კითხულობდნენ ახლადშექმნილ ნაწარმოებებს. როგორც ამბობენ, ჰერაკლიტესა და თალესს საკუთარი ხელით არაფერი დაუწერიათ, მათი ნააზრევი მოწაფეების მიერ იწერებოდა.
ჰერაკლიტეს მოძღვრება სრულად რელატიური გახლდათ, სადაც მხოლოდ სიმბოლოები არსებობდა და განდევნილი იყო ფაქტები, როგორც სიმბოლოების შესაძლო ინსპირაცია. ჰერაკლიტე უშვებდა მოძრაობის ენერგიას, როგორც ცვალებადობის გარანტორს, ცეცხლს კი მიიჩნევდა სუბსტანციად, არხედ, საიდანაც გრიგალისებურად იბადებოდა სამყარო. ეს ცეცხლი იყო ნართის სახით, მუდმივმოქმედი და ცვლადი, უაღრესად ჰალოციგენური. მარადიული ცეცხლის გრიგალისებური მოდინება მოგვაგონებს დემოკრიტეს ატომისტიკას და მის მუდმივმოქმედ ატომებს, სადაც ისინი ერთმანეთს მიემართებიან მთელი მძვინვარებითა და ენერგიით. პარალელი აშკარაა. ჰერაკლიტეს ფილოსოფიას კარგად იცნობდა ლევკიპე, რომელმაც ატომის არსი, მისი მოქმედების არეალი და მასშტაბები განსაზღვრა. თავის მხრივ, დემოკრიტესთან სრულყოფილი სახე მიიღო ატომიზმმა და წარმოდგინდა, როგორც მდგრადი, თეორიული სისტემა, რომელიც ბუნების კანონზომიერებებს ხსნიდა.
უსათუოდ უნდა აღინიშნოს თალეს მილეთელის მოღვაწეობა, როგორც ჰილოძოიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლისა, რომელმაც არხედ წყალი დაასახელა. წყლის თვისობრივი გარდაქმნა მყარ, თხევად და აირად მდგომარებად ფიზიკის უმთავრესი თავსატეხია დღევანდლამდე. უცილობელია, რომ ლევკიპე და მისი მოწაფენი კარგად იცნობდნენ თალესის მოღვაწეობასაც.
ყურადღებაგასამახვილებელია ანაქსიმანდრე მილეთელის პერსონა, რომელიც თალესის მოწაფე უნდა ყოფილიყო. ის ითვლება პირველი პროზაული ნაწარმოების ავტორად, რომელიც ნატურფილოსოფიის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი იყო. მას მიეწერება მატერიის შენახვის კანონის შექმნა და პირველი გლობუსისა. დემოკრიტეს აგრეთვე უნდა ჰქონოდა ცოდნა ანაქსიმანდრეს მოძღვრების შესახებ, რადგან მის დაბადებამდე სულ რაღაც (დაახლოებით) 80 წლით ადრე უნდა გარდაცვლილიყო ანაქსიმანდრე მილეთელი (ძვ.წ. 540 წელი).
ნატურფილოსოფიის მნიშვნელოვან წარმომადგენლად მიიჩნევა აგრეთვე ანაქსიმენი, ისიც მილეთის სკოლის წარმომადგენლად ითვლება. მას მიაჩნდა, რომ საგანთა პირველადი ნივთიერებაა არხე, როგორც მამოძრავებელი და განმსაზღვრელი აუცილებლობა. მისი აზრით, ერთი ნივთიერება იმიტომ არის მეორეზე მძიმე, რომ ,,პირველი ნივთიერება“ პირველში უფრო ჭარბობს, ვიდრე მეორეში.
ბუნების ფილოსოფოსებად წოდებული ჰილოძოისტები ნამდვილად ინსპირაციის წყაროდ უნდა ქცეულიყვნენ დემოკრიტესათვის და მისი წინამორბედი მასწავლებლისათვის - ლევკიპესათვის (თუ კი ლევკიპე ნამდვილად არსებობდა), რომლებმაც შეიმუშავეს და შეჰქმნეს ატომიზმის მთელი რიგი კონცეფცია. ატომისტიკაში სრული ვარიაცია მოხდა ჰილოძოიზმისა, როგორც ბუნების შემსწავლელი იდეების აკუმულირება. დემოკრიტემ ჭკვიანურად გათვალა, შეისწავლა რა წინამორბედთა ნააზრევი, ჩაწვდა რა მათ სპეციფიკას, გადაწყვიტა მატერიალიზმის იდეისათვის სრულქმნილი ფრთები შეესხა. თუ დავაკვირდებით ზემოთ მოხმობილ მაგალითებს, დავრწმუნდებით, რომ ატომისტიკაში წილნაყარია როგორც იონელთა, ისე პითაგორელთა, მილეთელთა და ელეელთა ფილოსოფია.
დემოკრიტემ თითოეულ წინამორბედ სისტემათაგან მოახერხა საერთო ღირებულებებისა და მსგავსებების ათვისება. იონელთაგან მოძრაობის მარადიულობა აიღო; პითაგორელთაგან - მონადები, როგორც უმცირესი სხეულების ნაირსახეობა; ელეელებისაგან - არსის ცნება, ხოლო მილეთელთაგან ყველფერი ერთად, რადგან მილეთელთა სკოლის წარმომადგენლები საუბრობდნენ როგორც ერთ არსზე, ისე მოძრაობაზე, ცვალებადობაზე, საპირისპიროთა მსგავსებაზე და მსგავსთა მოპირისპირეობაზე, ხილულ თუ უხილავ მატერიებზე, რომლებიც ერთმანეთისაგან გამომდინარეობენ.
ჰილოძოიზმის ვარიაცია ატომისტიკაში თვალხილულია, მოყვანილი მაგალითებიცა და პარალელებიც ამას ადასტურებს. მრავალ საუკუნეს გაუძლო ატომისტიკის სისტემამ და დღესაც აქტუალურია, როგორც უზადო მოძღვრება.


скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - სულის ,,ფენომენი“ (სამკუთხედის პრინციპი - ლ.გ.) გორვანელი - სულის ,,ფენომენი“ (სამკუთხედის პრინციპი - ლ.გ.) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული გორვანელი - სუბსტანციალობის პრობლემა დემოკრიტეს, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში გორვანელი - სუბსტანციალობის პრობლემა დემოკრიტეს, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - პოლიტიკური ფილოსოფიის რენესანსი ლეო შტრაუსთან გორვანელი - პოლიტიკური ფილოსოფიის რენესანსი ლეო შტრაუსთან ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - ცვლადები გორვანელი - ცვლადები ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / მომხმარებლები თორნიკე სანიკიძე  -  მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი თორნიკე სანიკიძე - მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული