გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ცოტნე ღუღუნიშვილი - რენესანსული ,,ვეფხისტყაოსანი“


სტუდენტი: ცოტნე ღუღუნიშვილი
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
მიმართულება: ინგლისური ფილოლოგია          
კურსი:  II    
     
                           
,,ვეფხისტყაოსანი“ მე-12 საუკუნის ძეგლია. ეს პერიოდი ჯერ კიდევ გვიანი შუა საუკუნეების ეპოქას ეკუთვნის, თუმცა ჩვენ ხშირად ვამბობთ, შოთა რუსთაველმა ეპოქას გაუსწროო, ამიტომ თუ უფრო სიღრმისეულად დავუკვირდებით მთლიან პოემას, მაშინ აუცილებლად აღმოვაჩენთ ისეთ ელემენტებს, რომლებიც მომდევნო ეპოქის - რენესანსის თანმდევი ნიშან-მახასიათებლები იყო. 
პოემის ჟანრობრივ კუთვნილებაზე მრავალი აზრი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი ,,ვეფხისტყაოსანს“ მიაკუთვნებს შუა საუკუნეების რაინდულ რომანს. ამას განპირობებს რამდენიმე ფაქტორი: სასიყვარულო გრძნობების გამოხატვა, ამაღლებული სიყვარულის იდეალიზება, ქალის კულტი, იდეურ-თემატური მოტივები (სოციალური გარემო, რაინდული წრე, მიჯნურობის კონცეფცია), ქალ პერსონაჟთა დომინანტური როლი და მრავალი სხვა. თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველივე ეს ახალი ეპოქის - რენესანსის წინარე საძირკველს აყალიბებდა. 
აღორძინების ეპოქამ წარმოშვა განსაკუთრებული ინტერესი ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ. ყურადღება, ასევე, მიმართული იყო ანტიკური კულტურისადმი და სწორედ ამ დროს მოხდა მისი ,,ხელახალი დაბადება“, რაზეც თავად ტერმინიც მიგვითითებს. 
ადამიანი ვეღარ თანაარსებობდა ფეოდალური თუ საეკლესიო მორალისა და შუა საუკუნეების ტენდენციების ჩარჩოებში, რამაც განაპირობა ღირებულებათა გადაფასება, შეხედულებების შეცვლა აწმყოსა და წარსულზე. ამ ეპოქის სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა ადამიანი, როგორც ბუნების ნაწილი და სრულყოფილი ქმნილება.
   ამ ყველაფრის შემდეგ ,,ვეფხისტყაოსანს“, შესაძლოა, შევხედოთ, როგორც რენესანსული ეპოქის პირმშოს. როგორც ვიცით, რენესანსის ერთ-ერთი თანმდევი ნიშანია დიდი ჰუმანიზმი, რომელსაც აშკარად ვხვდებით ,,ვეფხისტყაოსანში“. ამას გარდა, რენესანსის დროს შეიცვალა ბედის კონცეფციაც. მაგალითად, თუ ანტიკურ პერიოდში მიაჩნდათ, რომ ამა თუ იმ გმირის ბედი წინასწარ იყო განსაზღვრული, უკვე რენესანსის პერიოდში ბედის შეცვლის ალბათობა დაუშვეს და თავად რუსთაველი ამბობს: „ბედი ცდაა-ო“. რენესანსის წინამორბედ საუკუნეებში ყურადღება გამახვილებული იყო ადამიანის სამოსზე, მაგალითად, გავიხსენოთ ბიზანტიური მოზაიკა, რომელიც მე-6 საუკუნით თარიღდება და წამოგვიდგენს დედოფალ თეოდორას. მისი მთელი დიდებულება გამოხატულია ტანისამოსის თვალისმომჭრელობით და არა სხეულის წინა პლანზე წამოწევით. რენესანსის ეპოქაში კი ადამიანის სხეულის მნიშვნელობა და სილამაზე ყურადსაღები გახდა. თუ შუა საუკუნეების ფრესკებს შევხედავთ დავინახავთ, რომ იქ ბუნებაზე არ არის აქცენტი, ხოლო რენესანსის დროს კი ბუნების ფონზე იქმნებოდა უამრავი მშვენიერი შედევრი. შესაძლოა, ამასაც დავუკავშიროთ ვეფხისტყაოსანი, რადგან აქ ვხვდებით ბუნების სურათის მეტად ემოციურ და შთამბეჭდავ აღწერებს, რასაც ერთგვარი სიახლე შემოაქვს და აშორებს პოემას გასული საუკუნეებისაგან. 
რენესანსის პერიოდში ადამიანი სამყაროს ცენტრში მოექცა, იგი გახდა ყველაფერი და მისი სილამაზე ზეციურად აღიქმებოდა. თუ იქამდე ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, უკვე რენესანსის პერიოდში სხვა ტენდენცია დამკვიდრდა. ადამიანი ზეციური სილამაზის ფერმკრთალ ანარეკლად აღარ მიიჩნეოდა. ეს რომ ნამდვილად ასეა ვხედავთ ,,ვეფხისტყაოსანშიც“, რომელშიც პოეტი მრავალფეროვანი და დიდებული ეპითეტებით გვიხატავს პერსონაჟების არაამქვეყნიურ სილამაზეს. მაგალითად:
                    „მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.
                    შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,
                მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერ-შეფრობილი;
               და მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი!“
   რენესანსის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია სხვადასხვა იდეოლოგიის შეწყნარება. „ვეფხსტყაოსანში“ ვხვდებით არაერთ იდეოლოგიას, მაგალითად ანტიკური ფილოსოფიის სხვადასხვა წარმომადგენელს, აქ არის ბიბლიაც, არისტოტელეც და პლატონიც, ინდური სახისმეტყველებაც, ქრისტიანობაც, მაჰმადიანობაც და სხვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა დავინახოთ მთლიანი სურათი - რუსთაველისთვის მთავარია არა რელიგია და წარმომავლობა, არამედ ადამიანთა მიზნები, შეხედულებები და ზოგადადამიანური მოვალეობები, რაც მას პირდაპირ აკავშირებს აღორძინების ეპოქასთან. 
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რენესანსი ტიტანიზმის ხანაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველაფერი უჩვეულო სიმძაფრით ვლინდება. ამას ვხვდებით ვეფხისტყაოსანშიც. მაგალითად, ტარიელი რამდენად ძლიერი და შეუპოვარი პიროვნებაცაა, იმდენადვე ძლიერად გამოხატავს სევდას, დარდს, ტკივილს და სწორედ ამიტომაცაა, რომ ტარიელისებრ ძლიერი სიყვარულის მქონე ადამიანს ეწვევა ხოლმე მხოლოდ ამავე სიძლიერის მომცველი ტრაგედია. 
რუსთაველმა დაგვიხატა სამყაროს შექმნის სურათი და იგი დიდებული მშვენიერებით წარმოგვიდგინა. ამასთან ერთად, ვეფხისტყაოსანში ვხვდებით რენესანსულ მონუმენტალიზმს, რაც გამოიხატება სამოქმედო სივრცის გაფართოებაში. მოქმედება ხდება როგორც გამოგონილ, ისე ნამდვილ ქვეყნებშიც. 
საბოლოოდ, რენესანსული რომანტიზმის ამოკითხვაც შესაძლებელია პოემაში. სხვაგვარი ელფერის მქონე გახდა გმირების სტატუსი. კერძოდ, ნაჩვენებია, რომ სიყვარულმა რაინდს ბედნერებასთან ერთად შესაძლოა, დიდი სევდა, ტკივილი და ცრემლთაღვრაც კი მოუტანოს და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ასეთ დიდებულ გმირებსაც კი აქვთ სისუსტეები, რომ ადამიანური გრძნობები მათთვის უცხო არაა და ჰუმანიზმიც სწორედ ისაა, რომ ნაკლოვანებების მიუხედავად ისინი ერთმანეთის რწმენას არ კარგავენ და რუსთაველიც განადიდებს მათ, როგორც ზეციურ არსებებს. ამდენად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ,,ვეფხისტყაოსანმა“ ნამდვილად გაუსწრო შუა საუკუნეების ტრადიციულ ჩარჩოებს და ასახა უამრავი ის ელემენტი, რომლებიც აღორძინების დიდებული ეპოქის თანმდევი მახასიათებელი იყო, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვისაუბროთ ტერმინზე - რენესანსული ,,ვეფხისტყაოსანი“.
           

                            გამოყენებული ლიტერატურა
  1. მაკა ელბაქიძე- „ვეფხისტყაოსნის ჟანრის განსაზღვრისთვის.“
  2. რ. სირაძე- „ქართული რენესანსული კულტურის პრობლემისთვის.“
  3. გაგა ლომიძე- „რენესანსი: კონტექსტი.“
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები თამარ ტოჩილაშვილი - ალილო თამარ ტოჩილაშვილი - ალილო ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / მომხმარებლები სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული უთანასწორობა, როგორც სოციალური პრობლემა ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ მიხედვით სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული უთანასწორობა, როგორც სოციალური პრობლემა ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ მიხედვით ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები